Odishari's Blog

Just another WordPress.com weblog

Posts Tagged ‘ლოცვა

მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი – სინანულის შესახებ

leave a comment »

რაში მდგომარეობს სინანული?

ადამიანი, რომელიც თავისთვის ცხოვრობდა, ღმერთს ზურგი აქცია, ერთბაშად ან ნელ–ნელა იწყებს ფიქრს იმაზე, რომ მისი ცხოვრება არ შეიძლება იყოს სრულყოფილი, თუ ისე გაგრძელდა, როგორადაც ის მას ატარებს. და ადამაინი ასე იწყებს ღვთისაკენ შემობრუნებას. სინანულიც  სწორდ ამაში, ღვთისკენ შემობრუნებაში მდგომარეობს. სწორედ ეს არის თავდაპირველი და გადამწყვეტი. და როცა ჩვენ უცებ ვიცვლით კურსს, ვუბრუნდებით ღმერთს, ჭეშმარიტებას, იმას, რისთვისაც საერთოდ ადამიანია მოწოდებული, ეს უკვე ნიშნავს, რომ გადავდგით პირველი ნაბიჯი სინანულისკენ. მაგრამ ეს ჯერ არ ნიშნავს მონანიებას, რადგან ჯერ არ შევცლილვართ.  ეს რომ მოხდეს, რაღაც უნდა გადავიტანოთ. ისე უბრალოდ ადამიანი ვერ  შეელევა ჩვეულ ცხოვრებას, ვერ უარყოფს თავს და ვერ შემობრუნდება ღვთისკენ. როცა ადამიანი თავისთვის მშვიდად ცხოვრობს და არაფერი განსაკუთრებული მის თავს არ ხდება, იგი თითქოსდა „ძოვს“ ცხოვრების ველზე, განცხრომაშია და არ უფიქრდება მის თავზე რომ უძირო ცაა, არ ფიქრობს არავითარ საფრთხეზე. მისთვის ცხოვრება საამურია. მაგრამ თუ უეცრად რაღაც დაატყდება თავს, იგი დაფიქრდება ყოველივეზე, დაფიქრდება, რომ თურმე არც ისე მარტივადაა ყველაფერი.

ხდება ხოლმე, რომ ადამინი დაუფიქრებლად, თითქოსდა უმნიშვნელო საქციელს სჩადის და უეცრად საშინელ მდგომარეობაში ვარდება. ასე დაემერთა ერთხელ ბიჭს, რომელიც თავისი დის წინ უაზროდ იქნევდა დანას. უეცრად დანა გაუვარდა და დას თვალში მოარტყა. მაშინვე მიხვდა, როგორი სიგიჟე და უპასუხისმგებლობაა ასეთი თამაში. მისი და მთელი ცხოვრების მანძილზე ცალი თვალით ბრმა დარჩა. ვერც ძმამ შეძლო ამის დავიწყება. და ეს გამოიხატებოდა არა იმით, რომ ხანჯალთან ან ჯიბის დანასთან მიკარების ეშინოდა, არამედ იმით, რომ მას უკვე ესმოდა, რომ ყველაზე უმნიშვნელო მოქმედებასაც შეიძლება ტრაგიკული დასარული ჰქონდეს.

ზოგჯერ ადამიანის სინანულის მიზეზი ტრაგიკული შემთხვევა კი არა, არამედ  ის შეხედულებაა, რომელიც თურმე სხვებს გააჩნიათ მასზე და რომელიც შემთხვევით მოისმინა. ჩვენ თავი ყოველთვის საუკეთესო ადამიანად წარმოგვიდგენია, და როცა გვაკრიტიკებენ არ ვიღებთ ამ კრიტიკას, რადგან გვგონია, რომ ის ადამიანი ჩვენს არაჩვეულებრივ თვისებებს ვერ ხედავს. მაგრამ აი, შემთხვევით ყური მოვკარით იმას, რასაც დაფარულად ჩვენზე ამბობენ. აღმოჩნდა რომ გმირად რომ წარმოგვედგინა თავი, სინამდვილეში თურმე სხვები ლაჩრად აღგვიქვამენ. თავი სამართლიანი გვეგონა, სხვები კი თურმე ცბიერად გვთვლიან და ა.შ. როცა ყოველივე ამაზე დავფიქრდებით, გვებადება კითხვები: მაინც ვინ ვარ მე? რა არის ჩემი მოწოდება? მე, რა თქმა უნდა, პროფესიულ მოწოდებას არ ვგულისხმობ, არამედ იმას, თუ როგორი ადამიანი უნდა გავხდე. ნუთუ მე კმაყოფილი ვარ იმით, რასაც წარმოვადგენ? ნუთუ მე არ შემიძლია შევიცვალო და გავხდე უკეთესი?

ისეც ხდება, რომ ყოველივე ამაზე ფიქრს ადამიანი სახარების კითხვისას იწყებს. ვკითხულობთ სახარებას და ვხედავთ, როგორი უნდა იყოს ადამიანი. ვხედავთ ქრისტეს სახეს მთელი მისი სილამაზით, ან რამდენადაც მისი დანახვა ძალგვიძს. და მერე ვიწყებთ მასთან შედარებას. ვიწყებთ დაკვირვებას არა საკუთარ თავზე, არამედ ქრისტეზე, ან კიდევ იმაზე, თუ რას ამბობს ჩვენზე ხალხი.

ასე იწყება საკუთარი თავის განსჯა. განსჯის მომენტიდან კი მოდის უკვე სინანული. თუმცა ეს ჯერ კიდევ არ არის სრული მონანიება, რადგან საკუთარი თავის გაკიცხვა, სულაც არ ნიშნავს, რომ სული ტკივილს გრძნობდეს საქციელის გამო.

ზოგჯერ გონებით კი ვგრძნობთ ცუდები რომ ვართ და ამა თუ იმ შემთხვევაში სხვაგვარად რომ უნდა მოვქცეულიყავით, მაგრამ ამის განცდა არა გვაქვს. მახსენდება ერთი შემთხვევა. დიდი ხნის წინათ ერთ–ერთ რუსულ სტუდენტურ–ქრისტიანულ მოძრაობის ყრილობაზე გვესწრებოდა ერთი შესანიშნავი მღვდელი – ალექსანდრე ელჩანინოვი. სწორედ მასთან მივიდა ერთი ოფიცერი აღსარებაზე და უთხრა:

–        მე შემიძლია მოგიყვეთ მთელი ჩემი ცხოვრება, თუ რა უსამართლობები ჩამიდენია, მაგრამ ის, რაც გამიკეთებია, მხოლოდ გონებით მაქვს შეცნობილი, ჩემი გული კი ყოველივე ამის მიმართ უგრძნობია. ჩემთვის სულერთია. გონებით კი მესმის, ყველაფერი ეს რომ ბოროტებაა, გულით კი ვერა ვგრძნობ – ვერც ტკივილს, ვერც სირცხვილს.

და მამა ალექსანდრემ მაშინ მას უთხრა ასეთი არაჩვეულებრივი რამ:

–ჩემთან ნუ მოინანიებთ. ეს ფუჭად ჩაივლის. სჯობს ხვალ, წირვის დაწყებამდე მოდით აღსავლის კარებთან დ როცა ყველა შეიკრიბება, მაშინ თქვით ის, რაც ახლა მითხარით. ყველას წინაშე, ვინც კი მსახურებას დაესწრება, აღიარეთ თქვენი ცოდვები. ოფიცერი დათანხმდა, რადგანაც გრძნობდა, ყოველგვარი თანაგრძნობისა და განცდის უნარი დაკარგოდა, მხოლოდ მახსოვრობა და გონება შერჩენოდა, გული კი მოკვდომოდა, თითქოს მასში სიცოცხლეც ჩამქარლიყო. იგი მღვდელს აფორიაქებული გაშორდა. განიცდიდა, როგორ უნდა ეთქვა ყველაფერი სხვების წინაშე? ფიქრობდა რომ ყველანი  ზურგს შეაქცევდნენ, შეიზიზღებდნენ: „ჩვენ იგი წესიერი ადამინი გვეგონა და თურმე რა საზიზღარი ყოფილაო“, მაგრამ იგი იმდენად  შეწუხებული იყო თავისი მდგომარეობთ, რომ დასძლია ეს შიში და სირცხვილი. მეორე დღეს მსახურების დაწყებამდე დადგა აღსავლის კარებთან და დაიწყო მოყოლა. და მოხდა სრულიად მოულოდნელი რამ – ყრილობის ყველა მონაწილე თანაგრძნობით შემობრუნდა მისკენ და მან ეს იგრძნო,რომ ყველამ თითქოსდა გულში ჩაიკრა, რომ ყველა თანაუგრძნობდა და განიცდიდა მის ტკივილს. მაშინ იგი ატირდა და ქვითინითა და ცრემლებით განაგრძო აღსარება; ამ დღიდან მან ახალი ცხოვრება დაიწყო. აი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი – მონანიება.  მონანიება მდგომარეობს არა იმაში, რომ გულცივად ჩამოვთვალოთ ცოდვები და ასე ვაღიაროთ იგი ღვთის წინაშე, არამედ იმაში, რომ ყოველივე ამან ისე შეგვძრას, რომ ცრემლები გვადინოს. წმინდა ბარსანუფი დიდი ამბობდა:

–წრფელი სინანულის ცრემლებს ისე შეუძლია ჩვენი განწმენდა, რომ აღარცაა აუცილებელი აღსარებაზე გასვლა, თუ შეგვინდო ღმერთმა, ადამიანს უკვე აღარაფერი აქვს ჩვენთის შესანდობი.

საინტერესო მოსაზრება აქვს ამის შესახებ სვიმონ ახალი ღვთისმეტყველის მოწაფეს, ღირს ნიკიტა სტიფატს. ის ამბობს, რომ წრფელი სინანულის ცრემლებს შეუძლია ადამიანს დაუბრუნოს დაკარგული ქალწულება.

სინანული სწორედაც ასეთი უნდა იყოს.

მაგრამ ჩვენ რომ არ ძალგვიძს ყოველთვის ასეთი სინანული? მაშინ როგორ მოვიქცეთ? თქვე ალბათ წაგიკითხავთ თუ როგორ ხდება ძველი ქალაქებისა და ძეგლების არქეოლოგიური გათხრები. მოდის არქეოლოგი და იწყებს მიწის თხრას. თავიდან იგი ხედავს ჩვეულებრივ ნიადაგს, მერე თანდათან გამოარჩევს რაღაც მონახაზებს, იმას, რაც დიდი ხნის წინ მოქცეულა მიწის ქვეშ. ასე ხდება პირველი ხილვა იმისა, რასაც ეძებს. ასევეა ადამიანის გულში. ჯერ მხოლოდ  ჩანასახის სახით აღმოვაჩენთ იმას, რაც ღირსებას გვილახავს, რომ ღირსნი არ ვართ იმ პატივისცემის და სიყვარულის, რითაც გარემოცულნი ვართ და არც იმ სიყვარულისა, რომელსაც ღმერთი ჩვენდამი ამჟღავნებს. ასე ხდება ჩვენი თვალის ახელა.ახლა უკვე შეგვიძლია მივიდეთ აღსარებაზე და ვთქვათ, რომ ჩვენი სულის სიღრმეში, შეიძლება უფრო ღრმადაც დევს ცოდვების მთელი სამყარო,  რომლის ზედაპირზეც უკვე მეცნო რაღაც–რაღაცეები და სურვილი მიჩნდება იგი გავანდო ღმერთს და ვუთხრა:

–უფალო, მე ეს დავინახე! შენ დამეხმარე მის დანახვაში და ამიტომ მინდა უარი ვთქვა ამ ბოროტებაზე. მე ჯერ არ ვიცი როგორ უნდა მოვინანიო, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ჩემი ცოდვები შეუთავსებელია ჩვენს მეგობრობასთან, რაც ჩემს ახლობლებთან მაქვს, იმასთანაც, როგორიც მინდა ვიყო.

არსებობს ძველი შუასაუკუნეების დროინდელი შენდობის ლოცვა, რომელიც ასეთი სიტყვებით მთავრდება:

–შეგინდოს ღმერთმა ყოველი ცოდვა, რომელიც მთელი სიწრფელით მოინანიე.“, ე.ი. შეგინდობს არა იმას, რაც თქვი, არამედ იმას, რამაც სულით შეგძრა, რამაც შეგაძრწუნა. აი, ეს ცოდვები შეგენდობა. დანარჩენები კი უკვე ახალი ამოცანაა. უნდა შეეცადო უფრო ღრმად ჩაწვდე საკუთარ თავს, ჩაეძიო და აღმოაჩინო ის, რაც უღირსობად მიგაჩნია საკუთარი თავის, ღვთისა და ადამიანთა წინაშე, რომლებსაც სულ სხვაგავრად ჰყავხარ წარმოდგენილი. ასე იქცევა აღსარება პროგრესულ, თანდათანობით ჩაღრმავებულ სინანულის ნაწილად. ასე თანდათან გაგეხსნება ახალ–ახალი სიღრმეები. მაშინ დაგებადებათ კითხვა:

–რაში მდგომარეობს სიცოცხლე? ნუთუ იმაში, რომ ჩაუღრმავდე თავს და დაინახო მასში მხოლოდ ბოროტება, ბოროტება, ბოროტება? ჩაიძირო წყვდიადში? ასე ხომ შეუძლებელია ცხოვრება!

დიახ, ძნელია, მაგრამ სხვაგვარად წყვდიადს ვერ განვდევნით. წყვდიადს მხოლოდ ნათლით თუ შევებრძოლებით. და თუ ჩვენში დავინახავთ გონიერს, ეს ნიშნავს, რომ ნათელი შემოიჭრა ჩვენს ცხოვრებაში.

მინდა მოგიყვანოთ მაგალითი, რომელსაც აღსარებაზე მოსულ ბავშვებს ვუყვები, რომლებიც მოდიან და მეუბნებიან:

–კი ვხედავ ჩემში ბოროტებას, მაგრამ არ შემიძლა მისი აღმოფხვრა, ამოგლეჯა

ვეკითხები:

–როცა ბნელ ოთხაში შედიხარ, ცდილობ განა თეთრი პირსახოცის ქნევით წყვდიადის განდევნას და განა იმედი აგქვს, რომ ასე გაფანტავ?

–არა, რა თქმა უნდა არა

–მაშინ რას აკეთებ?

–ვაღებ დარაბებს, გადავწევ ფარდებს, ვაღებ ფანჯარას.

–აი, სწორედ ასე უნდა მოიქცე.შენ უშვებ სინათლეს იქ, სადაც მანამდე წყვდიადი იყო.ასევე უნდა მოიქცე ამჯერადაც. თუ ნამდვილად გინდა მოინანიო და შეიცვალო, მაშინ მარტო იმას კი არ უნდა მიაპყრო ყურადღება, რაც ცუდი გაქვს, შენში უნდა შეუშვა სინათლე. ამიტომ უნდა მიაპყრო ყურადღება იმას, რაც შენში ნათელია. და აი, ამ ნათლის მეშვეობით უნდა ებრძოლო შენში დაბუდებულ წყვდიადს.

–დიახ, მაგრამ როგორ უნდა გავაკეთო ეს? ნუთუ უნდა ვიფიქრო, რომ კარგი ვარ?

–არა, უნდა იკითხო სახარება, მოინიშნო ის ადგილები, რაც გულში მოგხვდება, რაც შეგიკრთობს გულს, რომელთა მეშვეობითაც გონება გინათდება, რომელიც განგაწყობს ახალი ცხოვრების დასაწყებად. უნდა იცოდე, რომ ამ სიტყვაში, ამ სახეში, ამ მცნებში, ქრისტეს ამ მაგალითში შენ იპოვე ღვთაებრივი ნათლის ნაპერწკალი. და შებილწული, დაბნელებული ხატი, რასაც შენ წარმოადგენ, ნათდება. ამით უკვე ცოტათი ემსგავსები ქრისტეს,შენში იწყებს გამოვლინებას ღვთის ხატება. და თუ ეს ასეა, უნდა დაიმახსოვრო ეს. მაშინ, თუ განაგრძო ცოდვის ჩადენას, გეცოდინება, რომ იმ სიწმინდეს ბილწავ, რაც შენში ცხოვობს, უკვე მოქმედებს, უკვე იზრდება. გეცოდინება რომ ცოდვით აქრობ შენში ღვთის ხატებას, აქრობ შუქს და ამით აძლიერებ წყვდიადს. ნუ იზამ ამას.

რწმენა იმისა, რომ შენში არის შუქი, წყვდიადს თანდათან ფანტავს. იმიტომ რომ, ჯერ ერთი, სადაც შუქია, იქ წყვდიადი იფანტება. მეორეც, როცა აღმოაჩენ შენში სინათლის რაღაც ნაწილაკს, დაინახავ სიწმინდეს, ჭეშმარიტებას, როცა უყურებ თავს და ფიქრობ, რომ ბოლოს და ბოლოს ნამდვილი ადამინი ხარ, მაშინ შეგიძლია ებრძოლო იმას, რაც იმ მტერივით გიტევს, რომელიც ქალაქის ასაღებად წამოსულა, ებრძოლო იმას, რაც აბნელებს ამ ნათელს შენში. ასე ისწავლი სიწმინდის ფასს. მერე კი იწყება უხილავი ბრძოლა. წამოიშლებიან ბილწი აზრები, ხორციელი ვნებანი და ახლა გმართებს გაუძლო მათ შემოტევას. ამ დროს შეგიძლია უთხრა თავს: არა, მე აღმოვაჩინე ჩემში უბიწოების ნაპერწკალი, სიწმინდე, სურვილი იმისა, მიყვარდეს ისე, რომ არ შევბლიწო ეს ადამიანი ფიქრებშიც კი, რომ არაფერი ვთქვათ მის შეხებაზე. არ შემიძლია და ვერ დავუშვებ ამ აზრებს, შევებრძოლები. ამაში დამეხმარება ქრისტე და სწორედ მას შევღაღადებ:

–უფალო, განმწმინდე! უფალო მიხსენ! უფალო შემიწყალე!

და უფალი შეგეწევა.

დიახ, შეგეწევა, მაგრამ არ შეგეწევა მანამ, სანამ თვითონვე არ შეებრძოლები ყოველივე ამას. ანტონი დიდის ცხოვრებში ვკითხულობთ, თუ როგორი სასოწარკვეთილი ებრძოდა იგი ერთხელ საცდურს. ისეთი თავგანწირვით ებრძოდა, რომ ბოლოს მიწაზე ღონეწართმეული დავარდა. უეცრად მას ქრისტე გამოეცხადა. ღონემიხდილი ანტონი ეკიხება:

–უფალო, სად იყავი მაშინ, სასოწარკვეთილი რომ ვიბრძოდი?

ქრისტე პასუხობს:

–შენს გვერდით ვიდექი, რათა თუ საჭირო გახდებოდა, მოგშველებოდი. მაგრამ შენ ეს არ დაგჭირდა;შენ არ დასთმე და გაიმარჯვე.

ჩემი აზრით, თითოეულ ჩვენგანს შეუძლია ისწავლოს სინანული და აღსარებაზე ახალი გამარჯვებებით მისვლა. ასე  აღმოვაჩენთ ცოდვასთან ბრძოლაში ბრძოლის ველს, რომელიც სულ უფრო ფართოდ და ღრმად  გადაიშლება. მხოლოდ ასე შეგვიძლია მივიღოთ შენდობა და მადლი, ახალი ძალა ქრისტესგან, შენდობა იმაზე, რის წინააღმდეგაც დავიწყეთ ბრძოლა.დავძლიოთ რაც ჯერ კიდევ არ დაგვიძლევია.

მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი – ლოცვამ ფესვი უნდა გაიდგას ჩვენს ცხოვრებაში

leave a comment »

ჩვენ ყველანი დამწყებნი ვართ და მე არ ვაპირებ, სალექციო კურსის წაკითხვას, უბრალოდ, მსურს გაგიზიაროთ რაიმე ნაწილობრივ საკუთარი, უფრო მეტად კი სხვისი გამოცდილებიდან.

ლოცვა თავისი არსით შეხვედრაა, შეხვედრა სულისა და ღმერთისა, მაგრამ იმისათვის, რომ ეს შეხვედა რეალური იყოს, ორივე პიროვნება, რომელიც მასში მონაწილეობს, ნამდვილად თავის თავს უნდა წარმოადგენდეს. ამასთან ერთად, ჩვენ, უმეტესწილად, არარეალურნი ვართ, და ღმერთიც ჩვენთვის არარეალურია: ვფიქრობთ, რომ უფალს მივმართავთ, სინადმვილეში კი – ღვთის სახეს, რომელიც ჩვენს წარმოდგენაშია შექმნილი; გვგონია, რომ ვდგავართ უფლის წინაშე მთელი ჩვენი სიმართლით, მაშინ, როდესაც საკუთარი თავის ნაცვლად მის წინაშე წარმოვადგენთ ვიღაცას, რომელიც არ არის ჩვენი ჭეშმარიტი ”მე” – მსახიობს, დადგმულ სახეს, თეატრალურ პერსონაჟს. თითოეული ჩვენთაგანი ერთროულად წარმოადგენს რამდენიმე სხვადასხვა პიროვნებას;

ეს, შესაძლოა, იყოს მდიდარი და ძალიან ჰარმონიული შერწყმა, მაგრამ შესაძლოა, იყოს ფრიად წარუმატებელი შეერთება ერთმანეთის საწინააღმდეგო პიროვნებებისა. ჩვენ სხვადასხვანაირნი ვართ გარემოებიდან და გარემოცვიდან გამომდიანრე: სხვადასხვა პიროვნება, რომელიც გვხვდება, ჩვენში სხვადასხვა ადამიანს იცნობს. ასე ხშირად ხდება: თითოეულ ჩვენთაგან თავის ნაცნობებს შორის შეუძლია გაიხსენოს ქალბატონი, რომელიც უცხოებთან თავაზიანობის განსახიერებაა, სახლში კი – ნამდვილი როკაპი; აგრეთვე მრისხანე უფროსი, რომელიც ოჯახურ წრეში ძალზე მოკრძალებულია.

რომელია ჩვენი ნამდვილი ”მე”

ლოცვის ჟამს ჩვენი პირველი სირთულე არის ის, რომ ვიპოვნოთ, რომელი გამოდგება ჩვენი პიროვნებებიდან ღვთის წინაშე წარსადგომად. ეს არცთუ ადვილია, რადგან იმდენად არ ვართ მიჩვეულნი იმას, რომ ვიყოთ ის, რაც ვართ, სინამდვილეში არც ვიცით, ყველა ჩვენი პიროვნებიდან რომელია ჩვენი ნამდვილი ”მე”. არც ის ვიცით, როგორ უნდა ვიპოვნოთ იგი. მაგრამ თუკი დღეში რამდენიმე წუთს მივუძღვნით იმას, რომ საკუთარ საქციელსა და ადამიანებთან ჩვენს დამოკიდებულებას დავკვირვებოდით, შესაძლოა, მივუახლოვდეთ ამის გარკვევას. შევამჩნევდით, თუ როგორი ადამიანი ვართ ამა თუ იმ პიროვნებასთან შეხვედრის დროს. მაშინ ჩვენ შევძლებდით, საკუთარი თავისათვის გვეკითხა: როდის წარმოვადგენდი სინადმვილეში მართლაც საკუთარ თავს? შესაძლოა, არასოდეს, იქნებ სულ ორიოდე წუთით გარკვეულ მდგომარეობაში, გარკვეულ ადამიანებთან. და აი, ამ ხუთი თუ ათი წუთის განმავლობაში, რომელიც შეგვიძლია, გამოვყოთ (დარწმუნებული ვარ, ამის გაკეთება ყველას შეუძლია დღის მანძილზე), აღმოაჩენთ, რომ არაფერია თქვენთვის საკუთარ თავთან მარტო დარჩენაზე უფრო მოსაწყენი. საქმე მხოლოდ იმაში როდია, რომ, გარემოებებიდან გამომდინარე, წარმოვადგენთ სხვადასხვა ადამიანთა მთელ სერიას, არამედ თვით ჩვენი ცხოვრება ხშირად სულაც არ არის ჩვენი – ეს სხვა ადამიანთა ცხოვრებაა. თუ საკუთარ თავში ჩაიხედეთ და იკითხეთ, რამდენად ხშირად ამოდიხართ საკუთარი სულის სიღრმიდან, რამდენად ხშირად გამოხატავთ საკუთარ ჭეშმარიტ ”მეს”, მაშინ დაინახავთ, რომ ეს ძალიან იშვიათად ხდება. ძალიან ხშირად ვართ დაკავებულნი სხვადასხვა უმნიშვნელო წვრილმანით, რომელიც ჩვენს გარშემოა; და აი, ამ დროის განმავლობაში, გულისყურის მოკრების ამ მცირე წუთებში, უნდა მივატოვოთ ყველაფერი, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არ არის.

”უფალო, დამეხმარე, რათა გავთავისუფლდე ყოველგვარი სიყალბისაგან…”

ასეთ შემთხვევაში, რასაკვირველია, თქვენ დგახართ იმ საშიშროების წინაშე, რომ საკუთარ თავთან მოიწყინოთ; დაე, იყოს ასე; ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენში არაფერი რჩება, რადგან ჩვენი არსების სიღრმეში ღვთის ხატად ვართ შექმნილნი და ყოველგვარი უსარგებლობის ჩამოშორება ძალიან ჰგავს ძველი კედლის მხატვრობის ანდა დიდი მხატვრის ნახატის გაწმენდას, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში მხატვრის მიერ შექმნილი ჭეშმარიტი სილამაზე ზემოდან უგემოვნო ადმამიანებმა გადაღებეს. თავდაპირველად, რაც მეტად ვასუფთავებთ, მით მეტად ჩანს სიცარიელე, და გვეჩვენება, რომ მხოლოდ წავახდინეთ ის, რასაც ჯერ კიდევ შემორჩენოდა მცირეოდენი სილამაზე მაინც; თუნდაც ცოტა, მაგრამ მაინც რაღაც იყო. შემდეგ კი ჩვენ უკვე ვიწყებთ ნამდვილი სილამაზის შეცნობას, რომელიც უდიდესმა მხატვარმა თავის ქმნილებაში ჩადო; ჩვენ ვხედავთ უბადრუკობას, შემდეგ შუალედში – სრულ ქაოსს, მაგრამ, ამავე დროს, შეგვიძლია ჭეშმარიტი სიალამზის ამოცნობაც. და მაშინ აღმოვაჩენთ, რაც ვართ: უბადრუკი არსება, რომელსაც ღმერთი ესაჭიროება, მაგრამ არა იმისათვის, რომ სიცარიელე შეავსოს, არამედ იმისათვის, რომ ღმერთს შეხვდეს.

მაშ ასე, შევუდგეთ ამას და, გარდა ამისა, კვირის განმავლობაში ყოველ საღამოს ვილოცოთ ძალიან მარტივი სიტყვებით: ”უფალო, დამეხმარე, რათა გავთავისუფლდე ყოველგვარი სიყალბისაგან და ვიპოვნო ჩემი ნამდვილი ”მე”.

მწუხარება და სიხარული – ღვთის უდიდესი წყალობაა. ხშირად ამ დროს საკუთარ თავს ვხვდებით, როდესაც ვტოვებთ ყველა ჩვენს უმსგავსო ხრიკებს და ვხვდებით უვნებელნი, მიუწვდომელნი ცხოვრების ყველა სიცრუესთან.

ერთიც უნდა აღინიშნოს: როდესაც ყმაწვილს გოგო უყვარს, თავის წარმოდგენაში ამკობს მას ყოველგვარი სრულყოფილებით, რომელთაგან, შესაძლოა, არცერთი არ ჰქოდნეს. ძალიან ხშირად ეს გოგონა არარაა; მართლაც მას, უბრალოდ, არარსებულ ღირსებებს მიაწერენ. ასეთ შემთხვევაში კონტაქტი არ მყარდება, რადგან ყმაწვილი მას ისე მიმართავს, როგორც არარსებულს. ასევე ხდება ღმერთთანაც. ჩვენ გვაქვს გარკვეული აზრობრივი თუ მხედველობითი წარმოდგენები ღმერთზე, რომელიც შეკრებილია წიგნებიდან, ტაძარში მოსმენილიდან, იქიდან, რაც ბავშვობაში უფროსებისაგან გვსმენია მის შესახებ; და ძლიან ხშირად ეს სახეები არ გვაძლევენ რეალურ ღმერთთან შეხვედრის შესაძლებლობას. ისინი მთლად ცრუ არაა, რადგან მასში არის ჭეშმარიტების ნაწილი, მაგრამ, ამასთან ერთად, არ შეესაბამება რეალურ ღმერთს. თუ ღმერთთან შეხვედრა გვინდა, ერთის მხრივ, უნდა ვისარგებლოთ იმ ცოდნით, რომელიც შევიძინეთ პირადად კითხვის ანდა მოსმენის საშუალებით; მაგრამ, ამავე დროს, წინსვლა უნდა განვაგრძოთ.

დღევანდელი ჩვენი ცოდნა ღვთის შესახებ გუშინდელი გამოცდილების შედეგია, და თუ მივმართავთ ისეთ ღმერთს, როგორსაც ჩვენ ვიცნობთ, მხოლოდ საკუთარ წარსულს დავუწყებთ ყურებას და ყოველთვის ზურგშექცეულნი აღმოვჩნდებოდით აწმყოსა და მომავალთან. ასეთი მოქცევით ჩვენ ვცდილობთ, შევხვდეთ არა ღმერთს, არამედ იმას, რაც უკვე ვიცით ღვთის შესახებ. ეს ღვთისმეტყველების ფუნქციის ილუსტრირებაა, რამეთუ ღვთისმეტყველება – ეს არის მთელი ადამიანური ცოდნა ღვთის შესახებ და არა ის მცირედი, რისი შეტყობაც მის შესახებ ჩვენ უკვე მოვასწარით. თუ გვინდა შეხვდეთ ისეთ ღმერთს, როგორიც ის სინამდვილეშია, უნდა მიხვიდეთ მასთან ცნობილი გამოცდილებით, რათა მან ღმერთთან ახლოს მიგიყვანოთ, მაგრამ შემდეგ უნდა დატოვოთ ეს გამოცდილება და დადგეთ არა იმ ღვთის წინაშე, რომელსაც იცნობთ, არამედ იმ ღმერთის, რომელიც ერთროულად უკვე ცნობილიცაა და ჯერ კიდევ ამოუცნობიც.

რა იქნება შემდგომ? შესაძლოა, ღმერთი მოვიდეს შენთან, შეგეხმიანოს, უპასუხოს შენს ლოცვებს, შეუძლია, მოვიდეს და გაგრძნობინოს თავისი მყოფობა; მაგრამ მას შეუძლია, არც გააკეთოს ეს, მას შეუძლია, გაგრძნობინოს თავისი არყოფნა და ეს გამოცდილება ისევე მნიშვნელოვანია, როგორც პირველი, რადგან ორივე შემთხვევაში ეხებით ღვთაებრივ უფლებას, გამოგეხმაურებათ თუ არა იგი თქვენ.

ასე რომ, შეეცადეთ, იპოვნოთ საკუთარი ნამდვილი ”მე”, და ღვთის წინაშე დააყენოთ იგი ისეთი, როგორიც სინამდვილეშია, ყოველგვარი ცრუ სახეებისა და კერპების გარეშე. ამაში რომ დაგეხმაროთ, საყრდენი რომ მოგცეთ, გთავაზობთ, ერთი კვირის განმავლობაში ილოცოთ შემდეგი სიტყვებით: ”უფალო, დამეხმარე, გავთავისუფლდე შენი ყოველგვარი ცრუ სახისაგან, რის ფასადაც არ უნდა დამიჯდეს ეს”.

ვისაუბროთ უფალთან გულახდილად

საკუთარი ნამდვილი ”მეს” ძიებაში ჩვენ, შესაძლოა, არა მხოლოდ მოგვწყინდეს (რის შესახებაც მე გესაუბრებოდით), არამედ შეგვიპყროს საშინელების, თვით სასოწარკვეთილების გრძნობამაც კი. სულის ამგვარი სიშიშვლე გვაფხიზლებს; მაშინ ლოცვის დაწყებაც შეგვიძლია. პირველი, რასაც თავი უნდა ავარიდოთ, არის, სიცრუე ღვთის წინაშე; ვფიქრობთ, რომ ეს სრულიად ნათელია, და მაინც, ყოველთვის როდი ვიქცევით ასე. ვისაუბროთ უფალთან გულახდილად, ვუთხრათ, ვინც ვართ; არა იმიტომ, რომ მან არ იცის ამის შესახებ; მაგრამ ერთი საქმეა იმ ფაქტის მიღმა, რომ ვიღაც ჩვენმა მოყვარულმა იცის ჩვენს შესახებ, და სულ სხვაა, გამოიჩინო მამაცობა და ჭეშმარიტი სიყვარული ამ პიროვნების მიმართ, რათა სიმართლე უთხრა მას და ყველაფერი უამბო საკუთარ თავზე. გულახდილად ვაღიაროთ უფალთან, რომ თავს უხერხულად ვგრძნობთ, როდესაც ამრიგად ვდგევართ მის წინაშე, რომ არ გვაქვს ჭეშმარიტი სურვილი მასთან შეხვედრისა, რომ დავიღალეთ და ძილი გვირჩევნია. მაგრამ, ამასთან ერთად, ვუფრთხილდეთ თვითნებობას ანდა უბრალოდ კადნიერებას მის წინაშე – ის ჩვენი ღმერთია. ყოველივე ამის შემდეგ კარგი იქნებოდა, სიხარულით დავრჩენილიყავით მასთან მყოფობაში, როგორც ძლიერ მოსიყვარულე ადამიანებთან, რომლებთანაც გულწრფელი სიახლოვე გვაკავშირებთ. ჩვენ არ განვიცდით ისეთ სიხარულსა და სიახლოვეს ღმერთთან, რომ უბრალოდ, ვისხდეთ და ვუყუროთ უფალს და ამით ბედნიერნი ვიყოთ. და თუ გვიხდება საუბარი, დაე, იგი გულწრფელი იყოს. მივანდოთ ჩვენი ყოველგვარი საზრუნავი ღმერთს, ვუამბოთ მას ყველაფერი ისე, რომ მან ჩვენს შესახებ ჩვენგანვე შეიტყოს, მივანდოთ მზრუნველობა ჩვენს საზრუნავზე. ახლა, როდესაც იგი ჩვენზე ზრუნავს, სადარდებელი აღარაფერი გვაქვს: თავისუფლად შეგვიძლია ვიფიქროთ მასზე.

ნათელია, რომ ამ კვირის სავარჯიშო იმაში მდგომარეობს, რომ შეუერთო იგი მომდევნო კვირის სავარჯიშოს; ეს იმას ნიშნავს, რომ საკუთარი თავი ღვთის წინაშე დააყენო და ისწავლო, ღმერთს მიანდო ყველა შენი საზრუნავი; იმისათვის, რომ ამაში შეწევნა მიიღო, ყოველდღიურად უნდა გაიმეორო მარტივი და კონკრეტული ლოცვა: ”დამეხმარე, ღმერთო, დავივიწყო ყველა საზრუნავი და მთელი ჩემი აზრები მხოლოდ შენსკენ მოვმართო”.

სანამ უპასუხოდ დარჩენილ ლოცვებზე დავიწყებდეთ საუბარს, მინდა ვთხოვო ღმერთს, რომ განმანათლოს მეც და თქვენც, რამეთუ ეს რთული და, ამავე დროს, ცხოვრებისეულად მნიშვნელოვანი თემაა. ეს ერთ-ერთი უდიდესი განსაცდელთაგანია, რომელიც თითოეულ ადამიანს შეიძლება შეემთხვას და რომლის გამოც დამწყებთაც და თვით ისეთ ადამიანებსაც, რომლებსაც ლოცვის გამოცდილება აქვთ, ძალიან უჭირთ ლოცვა. ასე ხშირად ლოცულობენ ადამიანები და ეჩვენებათ, რომ ცარიელ ზეცას მიმართავენ.

როდესაც ჩვენთვის ზურგის ქარს ვითხოვთ, არ ვუფიქრდებით იმას, რომ ეს, შესაძლოა, სხვებისათვის ზღვაზე ატეხილი ქარიშხალი აღმოჩნდეს

ხშირად ეს იმიტომ ხდება, რომ მათი ლოცვა უაზრო ბავშვობაა. მახსოვს, ერთი ასაკოვანი ადამიანი მიამბობდა, რომ ბავშვობაში მრავალი თვის განმავლობაში სთხოვდა ღმერთს, ებოძებინა მისთვის განსაკუთრებული უნარი, რომელიც მის ბაბუას ჰქონდა – ყოველ საღამოს გამოეღო კბილები პირიდან და წყლიან ჭიქაში შეენახა ისინი, და რაოდენ ბედნიერი იყო იგი შემდგომ, რომ ღმერთმა მისი სურვილი არ შეასრულა. ხშირად ჩვენი ლოცვა ისევე ბავშვურია, როგორც ეს, და, რასაკვირველია, ისინი აღუსრულებელი რჩება. ძალიან ხშირად დარწმუნებულნი ვართ, რომ სწორად ვლოცულობთ, მაგრამ ვლოცულობთ რაღაცის შესახებ, რაც სხვა ადამიანებსაც ეხება, მათ შესახებ კი არც ვფიქრობთ. როდესაც ჩვენთვის ზურგის ქარს ვითხოვთ, არ ვუფიქრდებით იმას, რომ ეს, შესაძლოა სხვებისთვის ზღვაზე ატეხილი ქარიშხალი აღმოჩნდეს; მაშინ ღმერთი არ ასრულებს ჩვენს სათხოვარს, რომელიც სხვებს ზიანს მოუტანს.

ამ ორი თვალსაჩინო მომენტის გარდა, არსებობს კიდევ საკითხი სხვა მხრივ, უფრო არსებითი და ღრმა: ხდება, რომ ჩვენ მთელი გულით ვლოცულობთ ღვთის წინაშე რაიმეს შესახებ, რომელიც ყველა თვალსაზრისით თითქოს ღირსია, რომ შესმენილ იქნას, მაგრამ მხოლოდ დუმილი გვაქვს პასუხად, ამის გადატანა კი გაცილებით მძიმეა, ვიდრე უარი. თუ ღმერთი გვეტყვის ”არა”, ეს მისი მხრიდან მაინც იქნება დადებითი რეაქცია, დუმილი კი თითქოს ღვთის არყოფნაა, და მას ორ განსაცდელთან მივყავართ: როდესაც ჩვენი ლოცვა უპასუხოდ რჩება, ჩვენ ეჭვი გვიპყრობს ან ღვთის, ანდა საკუთარი თავის მიმართ. ღმერთთან დამოკიდებულებაში ჩვენ ეჭვი გვეპარება არა მის ყოვლისშემძლეობაში, არა მის ძალაუფლებაში გააკეთოს ის, რაც შენ გსურს, არამედ მის სიყვარულში, მის მონაწილეობაში. ჩვენ ვითხოვთ, რაღაც ძლიან მნიშვნელოვანს, უფალი კი თითქოს ყურადღებას არ გვაქცევს; სად არის მისი სიყვარული, მისი თანაგრძნობა? ეს პირველი განსაცდელია.

არის მეორე განსაცდელიც. ჩვენ ვიცით, რომ თუ მდოგვის მარცვლისოდენა რწმენა მაინც გვექნება, მთებს გადავდგამდით ადგილიდან, და როდესაც ვხედავთ, რომ ადგილიდან არაფერი იძვრის, ვფიქრობთ: ”შესაძლოა, ეს ნიშნავს, რომ ჩემი რწმენა რაღაცით ბიწიერი და არაჭეშმარიტია?” ეს კვლავ არამართებულია და მასზე სხვა პასუხი არსებობს: თუ თქვენ ყურადღებით წაიკითხავთ სახარებას, დაინახავთ, რომ მასში მხოლოდ ერთი უპასუხო ლოცვაა. ეს არის ქრისტეს ლოცვა გეთსიმანიის ბაღში. მაგრამ, ამავე დროს, ჩვენ ვიცით, რომ თუკი ოდესმე მთელი ისტორიის მანძილზე ღმერთი ვინმეს ლოცვაში მონაწილეობდა, ეს, რასაკვირველია, სწორედ თავისი ძის ლოცვაში ჯვარცმის წინ; ვიცით ისიც, რომ თუ ოდესმე ყოფილა სრულყოფილი ლოცვის მაგალითი, ეს იყო სწორედ ის შემთხვევა. მაგრამ ღმერთმა ჩათვალა, რომ ღვთაებრივი ტანჯულის რწმენა საკმაოდ ძლიერი იყო იმისათვის, რომ დუმილი აეტანა.

ღმერთი არ პასუხობს ჩვენს ლოცვებს არა მხოლოდ მაშინ, როცა ისინი უღირსია, არამედ მაშინაც, როდესაც ის ჩვენში ისეთ სიღრმეს ხედავს, – სიღრმესა და რწმენის ძალას, რომ მას შეუძლია გვენდოს იმაში, რომ ჩვენ ერთგულნი ვიქნებით მისი დუმილის შემთხვევაშიც კი.

მახსოვს ერთი უკურნებელი სენით დაავადებული ქალი; მრავალი წლის განმავლოვაში ცხოვრობდა იგი ღვთის თანამყოფობის შეგრძნებით, შემდეგ კი უეცრად მისი არყოფნა იგრძნო – მართლაც რეალური არყოფნა. მაშინ მან მომწერა: ”თუ შეიძლება, ილოცეთ ღვთის წინაშე, უმჯობესია, რომ მე არასოდეს შევიქმნა ილუზია მისი თანამყოფობისა, რომ მივიღი მისი არყოფნა”. მისი რწმენა დიდი იყო. მას შეეძლო, ამ განსაცდელისათვის გაეძლო, და უფალმა გამოაცდევინა თავისი დუმილი და არყოფნა.

”შევვედრებ სულსა ჩემსა ხელთა შენთა, უფალო; ხოლო არა ვითარ მე მნებავს, არამედ ვითარცა შენ”

დაიმახსოვრეთ ეს მაგალითები, იფიქრეთ მათზე, რადგან ოდესმე თქვენ, შესაძლოა, აღმოჩნდეთ ასეთივე მდგომარეობაში.

მე ვერავითარ სავარჯიშოს ვერ მოგცემთ; მხოლოდ გახსოვდეთ, რომ უნდა გვქონდეს ურყევი რწმენა და ღვთის სიყვარული და როდესაც ასეთი განსაცდელი მოვა ჩვენთან, ვიმეოროთ ლოცვა, რომელიც ორი ფრაზისაგან შედგება, რომელიც თვით იესო ქრისტეს მიერაა წარმოთქმული: ”შევვედრებ სულსა ჩემსა ხელთა შენთა, უფალო; ხოლო არა ვითარ მე მნებავს, არამედ ვითარცა შენ”.

მე შევეცადე, თქვენთვის წარმოდგენა შემექმნა იმ მთავარი გზების შესახებ, რომლითაც ჩვენ ლოცვასთან უნდა მივიდეთ; მაგრამ ნიშნავს თუ არა ეს, რომ იმ ყველაფრის აღსრულებით, რაც მე შემოგთავაზეთ, თქვენ ლოცვას ისწავლით? რა თქმა უნდა, არა, რადგან ლოცვა მხოლოდ ძალდატანება როდია, რომელიც ჩვენ შეგვიძლია მაშინ, როდესაც ლოცვას ვაპირებთ; ლოცვამ ფესვი უნდა გაიდგას ჩვენს ცხოვრებაში, და თუ ჩვენი ცხოვრება ეწინააღმდეგება ჩვენს ლოცვას, ანდა ჩვენს ლოცვებს არაფერი აქვს საერთო ცხოვრებასთან, მაშინ ისინი არასოდეს იქნებიან არც ცოცხალნი და არც რეალურნი. რასაკვირველია, ჩვენ შეგვიძლია, თავი ავარიდოთ ამ სირთულეს, გამოვრიცხოთ ჩვენი ლოცვიდან ყველაფერი, რაც ჩვენს ცხოვრებაში ლოცვას არ შეესაბამება – ყველაფერი ის, რისაც ჩვენ გვრცხვენია ანდა საკუთარი თავის წინაშე უხერხულობის გრძნობას იწვევს, მაგრამ ეს არაფერს ცვლის.

მეორე სიძნელე, რომელსაც ჩვენ გამუდმებით ვხვდებით, მეოცნებეობაა: როდესაც ჩვენი ლოცვა სენტიმენტალურ გრძნობებს გამოხატავს და არა იმას, რაც ჩვენი ცხოვრებაა სინამდვილეში.

ამ ორი სიძნელიდან არსებობს ერთი საერთო გამოსავალი, კერძოდ: ცხოვრება ისე შევაერთოთ ლოცვასთან, რომ ეს იყოს ერთი მთლიანობა, ჩვენი ლოცვა ცხოვრებით აღვასრულოთ. ამაში ძალიან დიდ დახმარებას გვიწევს მზა ლოცვები, რომელთა შესახებაც მე უკვე გესაუბრეთ, რამეთუ ისინი ობიექტური, მკაცრი მაგალითია იმისა, როგორ უნდა ვილოცოთ. თქვენ შეგიძლიათ თქვათ, რომ ისინი ჩვენთვის არაბუნებრივია, ეს მართალია იმ აზრით, რომ ისინი გამოხატავენ განუზომლად დიადი ადამიანების ცხოვრებას, ვიდრე ჩვენ ვართ, ჭეშმარიტი ქრისტიანების ცხოვრებას; მაგრამ სწორედ იმიტომ შეგიძლიათ ისარგებლოთ მათით, რომ ეცადოთ გახდეთ ისეთივე ადამიანები, რომელთათვის ეს ლოცვა ბუნებრივია.

გახსოვდეთ ქრისტეს სიტყვები: შეევედრებ სულსა ჩემსა ხელთა შენთა. ისინი, რასაკვირველია, ჩვენი საკუთარი გამოცდილების საზღვრებს სცილდება; მაგრამ თუ ჩვენ ყოველდღიურად ვისწავლით, გავხდეთ ასეთი ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ეს სიტყვები გულწრფელად წარმოთქვან, მთელი თავისი სიმართლით, ჩვენი ლოცვა არა მხოლოდ რეალური გახდება, არამედ ჩვენ თვითონ გავხდებით რეალურნი, ახალ, ჭეშმარიტ რეალობაში გავხდებით ღვთის ძენი.

თუ თქვენ, მაგალითად, აიღებთ იმ ხუთ ლოცვას, რომელიც მე შემოგთავაზეთ, თუ თქვენ ერთმანეთის მიმდევრობით აიღებთ თითოეულს ამ თხოვნათაგან, თუ შეეცდებით, ისინი დევიზად აქციოთ მთელი დღის განმავლობაში, დაინახავთ, რომ ლოცვა თქვენი ცხოვრების საზომი გახდება, იგი თქვენ ცხოვრების საფუძველს მოგცემთ, მაგრამ თქვენი ცხოვრებაც თქვენივე მსაჯული გახდება, გამხელთ სიცრუეში, როდესაც წარმოთქვამთ ამ სიტყვებს, ანდა პირიქით, დაადასტუებს იმას, რომ თქვენ მათი ერთგულნი ხართ. აიღეთ თითოეული ლოცვის ყოველი ფრაზა, გამოიყენეთ იგი როგორც წესი, ყოველდღიურად, კვირიდან კვირამდე, სანამ არ გახდებით ისეთი ადამიანები, რომელთათვისაც ეს სიტყვები თვითონ ცხოვრებაა.

ახლა უნდა დავშორდეთ. ძალიან მოხარული ვარ, რომ ფიქრით გესაუბრეთ, ჩვენ გვაერთიანებს ლოცვა და საერთო ინტერესი სულიერი ცხოვრების მიმართ; და იყოს უფალი ღმერთი ჩვენი თითოეულ თქვენთაგანთან და ჩვენს შორის უკუნითი უკუნისამდე.

სანამ დავშორდებოდეთ, მე ვთავაზობ მკითველს, ჩემთან ერთად წარმოთქვას ერთი მოკლე ლოცვა, რომელიც შეგვაერთებს ღვთის ტახტის წინ:

”უფალო, არა ვუწყი, რაი ვითხოვო შენგან! შენ მხოლომან უწყი, რაი ვითხოვო შენგან! შენ მხოლომან უწყი, რა არს ჩემდა სახმარ, გაქუს შენ სიყვარული ჩემი უფროის, ვიდრეღა ძალმიძს მე სიყვარული თავისა თვისისა.

მამაო! მეც მონასა შენსა – რაიცა არღარა მე ვუწყი, რაი ვითხოვო, არა თავს ვიდებ კადნიერებასა თხოვად ჯვარისა, გინა ნუგეშინისცემასა. მხოლოდღა წარდგომილ ვარ წინაშე შენსა და გული ჩემი განხმულ არს. ხედავ შენ საჭიროებას ჩემსა, რომელსა მე ვერ ვხედავ.

ხედვიდე და იქმოდე ჩემთან მოწყალებისაებრ შენისა! მომწყლავდე და განმკურნებდე მე, დამცემდე და აღმადგინებდე. ვჰკრთი და უსიტყველ ვიქმნები წინაშე წმიდისა ნებისა შენისა და მიუწვდომელისა განგებულებისა შენისა.

თავსა თვისსა მსხვერპლად შენდა შემოვსწირავ, მიგენებები შენ. არარაი მაქუს სურვილი, გარნა სურვილისა, აღვასრულო ნება შენი.

მასწავე მე ლოცვაი – თვით შენ ილოცვიდე თავსა შორის ჩემსა.

ამინ”.

(მიტროპოლიტი ფილარეტ მოსკოველი)

თარგმნა ხათუნა რაქვიაშვილმა
გაზეთი ”საპატრიარქოს უწყებანი”, № 32, 2003 წ.